Scroll to top
თევდორე მაყაშვილი

პროდიუსერი და Funday Entertainment – ის დამფუძნებელი

თევდორე მაყაშვილი

ობიექტური მიზეზების გამო, შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური ინდუსტრია საქართველოში ფაქტობრივად აღარ არსებობს.

გლობალური პანდემიის შედეგად შემოქმედებითი ინდუსტრიების ზარალი მთელ მსოფლიოში მილიარდებს ითვლის. საქართველოში სიტუაცია სავალალოა ზოგადი ეკონომიკური და სოციო-კულტურული ფაქტორებიდან გამოდინარე. როგორია მუსიკალური ინდუსტრიის გამოწვევები, რამდენი დრო დასჭირდება სექტორის აღსადგენად და რამხელაა სახელმწიფოს როლი მის მხარდაჭერაში. შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის კითხვებს პასუხობს თევდორე მაყაშვილი.

როგორ იზარალა მუსიკალურმა ინდუსტრიამ საქართველოში პანდემიის შედეგად?

მუსიკალური ინდუსტრიის შემოსავალი შეიძლება ითქვას ნულზე დავიდა. მოგეხსენებათ, ქართველი არტისტების უმეტესობის ძირითად შემოსავალს კონცერტები წარმოადგენდა, იქიდან გამომდინარე, რომ მუსიკის სტრიმინგ პლატფორმები ჯერ კიდევ ახალი ხილია საქართველოში. ამ მიმართულებით შემოსავალი ძალიან ცოტა მუსიკოსს აქვს, სამწუხაროდ მსმენელის დიდი ნაწილიც ჯერ კიდევ არაა იმ აზრამდე მისული, რომ ხარიახიანი მუსიკის მოსმენაში ფული იხადოს. ამ და სხვა ობიექტური მიზეზების გამო შეიძლება ითქვას, მუსიკალური ინდუსტრია ფაქტობრივად აღარ არსებობს.

რა კონკრეტულ ნაბიჯები უნდა გადაიდგას არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად?

პირველ რიგში, უნდა მოხდეს მუსიკოსების იდენტიფიცირება, იქნება ეს საავტორო მუსიკის შემქმნელი თუ ე.წ. “ქავერ” მუსიკოსი. უნდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. ამის შემდეგ ორ ძირითად პუნქტს გამოვყოფდი. პირველ რიგში, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეძლოს მუსიკოსებისთვის ელემენტარული ფინანსური დახმარების გაწევა, თუნდაც ისეთის, რასაც სხვა სამსახურ დაკარგული მოქალაქეები იღებენ და მეორე, მუსიკოსებს ხელი უნდა შევუწყოთ შემოქმედებითი პროცესის გაგრძელებაში. მოგეხსენებათ ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერიც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, და ამის გამო დაახლოებით 80%-ზე მეტი გაჩერებულია. მატერიალურ პრობლემებზე უფრო დიდი პრობლემა სწორედ ეს მგონია. ორივე მიმართულებით მაქვს გარკვეული გეგმა, რომელიც საკმაოდ მარტივად აღსრულებადია მინიმალური მხარდაჭერის პირობებში, თუმცა სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან ნება არ ჩანს.

კრიზისულ პერიოდში რას თვლი სახელმწიფოს მხრიდან მთავარ ამოცანად კულტურის სექტორის დასახმარებლად?

როგორც აღვნიშნე, სახელმწიფოს ორი მთავარი საზრუნავი უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში უზრუნველყოს მუსიკოსების ფინანსური დახმარება, იმისათვის რომ რამენაირად გადააგორონ ეს გაუსაძლისი მდგომარეობა და მეორე, იზრუნონ შემოქმედებითი პროცესის გაგრძელებაზე, რისთვისაც საჭირო იქნება სხვადასხვა პროგრამების და რეზიდენციების შეთავაზება.

შენი აზრით, როგორ უნდა ვაიძულოთ საჯარო სექტორში დასაქმებული ის ადმიანები, ვინც უნდა დაიწყონ ჩვენი სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა და გეგმის შემუშავება?

ამას ვცდილობ სამკაოდ დიდი ხანია, თუმცა ალბათ მცდელობას ვაკლებთ, თორემ არ შეიძლება ამ დროის განმავლობაში ასეთი იგნორი მიგვეღო. მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ, მაქსიმალურად უნდა შევაწუხოთ რომ იქნებ მერე მაინც მოგვისმინონ. ეხლა ალბათ ფიქრობენ, რომ არც ვარსებობთ, ან ვარსებობთ და პრობლემები არ გვაქვს.  რაც შეეხება შიდა კომუნიკაციას, გარკვეულწილად იყო, მომზადდა რეკომენდაციებიც, თუმცა სამწუხაროდ დიდად არავის მიუქცევია ამისთვის ყურადღება.

სამინისტროსთან კომუნიკაცია ბოლოს როდის გქონდათ? და რა შეთანხმებას მიაღწიეთ ან რა იყო დაპირება მათი მხრიდან?

სამინისტროსთან ბოლო კომუნიკაცია ალბათ 5-6 თვის წინ, ისიც თბილისის მერიის შუამდგომლობით გვქონდა. თორემ პირდაპირ კომუნიკაციაზე ცალსახად უარი თქვეს. მე პირადად გავუგზავნე რამოდენიმე გეგმა, მსურდა შევხვედროდით და დეტალურად განგვეხილა დადებითი და უარყოფითი მხარეები, პასუხად კი მივიღე მუსიკოსებს რომ დავეხმაროთ, კულტურის სხვა მიმართულებების წარმომადგენლები დაგვეჩაგრებიანო, რაც რა თქმა უნდა მსუბუქად რომ ვთქვა ლოგიკას მოკლებულია, თან დარწმუნებული ვარ სხვა მიმართულების პროფესიონალებთანაც რომ გაევლოთ სათანადო კონსულტაციები მათაც დაეხმარებოდნენ, უბრალოდ ნება არ აქვთ, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.

რამდენად გაართვა თავი ფესტივალების ორგანიზატორებმა პანდემიის კრიზისს და თუ ჰქონდა სექტორის წევრებს კომუნიკაცია გეგმის დასახვის ან ზიანის დათვლის მიზნით?

დამიჯერეთ, თავს ვერცერთი ფესტივალი ვერ გაართმევს თუ სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა არ ექნება. თვეების მომზადება და გაწეული ხარჯი წყალში ჩაიყარა. იმედია, მომავალ წელს მაინც იქნება ფესტივალების ჩატარების საშუალება.

შენი აზრით, რამდენი დრო დაჭირდება მუსიკალურ ინდუსტრიას საწყის პოზიციებზე დასაბრუნებლად?

ვფიქრობ, პანდემიის დასრულების შემდეგ მაქსიმუმ 1 წელიწადში მუსიკალური ინდუსტრია მიუახლოვდება მანამდე არსებულ პოზიციას, თუმცა გასათვალისწინებელია ეკონომიკური ეფექტი, ანუ რა მდგომარეობაში იქნება მოსახლეობა პანდემიის დასრულების შემდეგ. შეიძლება ბევრს აღარც ჰქონდეს კონცერტებზე და ფესტივალებზე სიარულის შესაძლებლობა. თუმცა ამასთანავე ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი სტრესული გარემოს შემდეგ მუსიკას ექნება უდიდესი როლი ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის აღდგენა/შენარჩუნებაში.

პანდემიამდე რა იყო მუსიკალური ინდუსტრიის მთავარი გამოწვევები?

შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდე მუსიკალური ინდუსტრია ნელი სვლით, მაგრამ მაინც ვითარდებოდა. საკმაოდ აიწია ფესტივალების ხარისხმა, მუსიკოსების დონემ, მუსიკის ექსპორტმა და ა.შ. მთავარი პრობლემა ალბათ მაინც ე.წ. “პირატობა” მგონია, მსმენელის უმრავლესობას არ უნდა თვეში თუნდაც 8-10 ლარის გადახდა მუსიკის მოსასმენად, ყველა ცდილობს უფასოდ გადმოწეროს მუსიკა ტელეფონში რაც კლავს ინდუსტრიას. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ყველაფერი მსმენელს დავაბრალო, თვითონ არტისტების მხრიდანაც არ ხდება სწორი კომუნიკაცია, ბევრმა თვითნაც არ იცის როგორ შეიძლება ონლაინ სტრიმინგებით შემოსავლის მიღება, მსმენელის ნაწილი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს რამხელა მნიშვნელობა აქვს მუსიკაში ფულის გადახდას, ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი გვაქვს სამუშაო.

მუსიკალური ინდუსტრიის პოტენციალს როგორ აფასებ საქართველოში?

ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, ვფიქრობ დაახლოებით 5 – მაქსიმუმ 10 წელიწადში, ნებისმიერ წარმატებულ ქართველ არტისტს შეეძლება თავისუფლად იცხოვროს მხოლოდ მუსიკიდან მიღებული შემოსავლით. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ბაზარი ძალიან დიდია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მუსიკოსები ყოფითმა პრობლემებმა არ შეაწუხონ და მხოლოდ მუსიკის კეთებაზე იფიქრონ.

Author avatar
Creatives Georgia
http://creatives.ge
შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმა