კულტურის პოლიტიკის და თანამედროვე ხელოვნების მკვლევარი; ხელოვნების პოლიტიკის და მარკეტინგის მაგისტრი
ნიკოლოზ ნადირაშვილი
არაეფექტურმა კულტურის პოლიტიკამ, რაც წლების განმავლობაში ხორციელდება, დაასუსტა სექტორის იმუნიტეტი და პანდემიის პირობებში, ვირუსმა სწორედ აქ საკმაოდ მძლავრად იჩინა თავი.
ნიკოლოზ ნადირაშვილი, კულტურის პოლიტიკის და თანამედროვე ხელოვნების მკვლევარი; ხელოვნების პოლიტიკის და მარკეტინგის მაგისტრი. 2019 წლიდან მუშაობს პროექტზე “შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში”, როგორც პროექტის ადგილობრივი ექსპერტი; არის სახელოვნებო ორგანიზაცია “პროპაგანდას” კვლევითი პროექტების მენეჯერი.
რა არის საქართველოში კულტურის სამი ყველაზე გადაუჭრელი პრობლემა?
თუკი ვისაუბრებთ კულტურის პოლიტიკაზე, მე გამოვყოფდი შემდეგს:
- საბიუჯეტო დაფინანსების განკარგვა არ ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებებს;
- არ არსებობს ფილანთროპიული საქმიანობის ხელისშემწყობი ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩო;
- სექტორი დაქსაქსულია, რის შედეგადაც სუსტია ადვოკატირების კამპანია.
რამ განაპირობა პანდემიის სავალალო შედეგები საქართველოს კულტურის სექტორში? ვგულისხმობთ თუნდაც იმას, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 49% ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩა.
არაეფექტურმა კულტურის პოლიტიკამ, რაც წლების განმავლობაში ხორციელდება, დაასუსტა სექტორის იმუნიტეტი და პანდემიის პირობებში, ვირუსმა სწორედ აქ საკმაოდ მძლავრად იჩინა თავი. მიზეზი კი ისაა, რომ კულტურის პროცესები, მეტწილად, ისევ ცენტრალური/მუნიციპალური მთავრობების მიერ არის სუბსიდირებული. ერთი მხრივ, ფილანთროპიის არარსებული ხელშემწყობი მექანიზმი და მეორე მხრივ, სუსტი კომერციალიზაცია, ხელს უშლის კულტურის პროცესების, ინიციატორი ორგანიზაციებისა და სფეროში დასაქმებულთა თვითმყოფადობის გაძლიერებას.
რა ნაბიჯები უნდა გადაედგა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პანდემიის დაწყვებისთანავე?
პირველ რიგში, სამინისტროს უნდა გაესაჯაროებინა ინფორმაცია ყველა იმ ფინანსურ რესურსზე, რომელიც მის განკარგვაშია, რათა სექტორისთვის ეთქვა, რეალურად რისი საშუალება აქვს, რაც, თავის მხრივ, სექტორის წარმომადგენლებს დაანახებდა, რომ სამინისტრო არც იმდენად ძლიერია, როგორც გვგონია ან, როგორც მას უნდა რომ გვეგონოს. პარალელურად, სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტს უნდა გაეკეთებინა მოკვლევა, თუ რა ნაბიჯები გადადგეს მსგავსი ეკონომიკური პროფილის მქონე ქვეყნებმა და შეემუშავებინა ადაპტირებული მოდელი. თუმცა, მე არ მქონდა მოლოდინი, რომ სამინისტრო ამას მოახერხებდა.
რაში ხედავთ სამინისტროს სტრატეგიულ ნაბიჯებს?
სამინისტრო უნდა მუშაობდეს ორ ფუნდამენტურ რეფორმაზე – სწორედ ახლა აქვთ ამის დრო: პირველი, დაფინანსების საერთაშორისო სტანდარტის მექანიზმია, როდესაც ფორმირდება ე.წ. კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც იღებს მანდატს, რათა განკარგოს საბიუჯეტო დაფიანსება. ფონდი უნდა მართოს საბჭომ, რომლის წევრთა უმეტესობა კულტურის იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოადგენს, რომლებიც მრავალი წელია ქართული კულტურის დაცვის სადარაჯოზე დგანან. სწორედ ამ საბჭომ უნდა დააკომპლექტოს საკონკურსო კომისიები. ამგვარად, გაწყდება საბჭოური ვერტიკალი და პროექტების დაფინანსება მოხდება კოლეგიალურ პრინციპებზე დაფუძნებით, სახელმწიფო სტრუქტურებისგან ჩაურევლად.
მეორე მიმართულება ფილანთროპიის საკანონმდებლო ჩარჩოს ფორმირებაა?
დიახ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ მიმართულებით უკვე დაისვა საკითხი პარლამენტის შესაბამის კომიტეტზე, დეპუტატ ქეთევან დუმბაძის მიერ. ამავე მიმართულებით ვმუშაობ მეც, როგორც UNESCO-ს ადგილობრივი კონსულტანტი. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ხელშეწყობის რეალური მექანიზმები. რეალური მექანიზმები კი მთავრობის კომპრომისს მოითხოვს: მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩოს დანერგვით, ბიუჯეტს შეუმცირდება შემოსავლები, თუმცა – არა სახელმწიფოს. ამ სისტემით ცხოვრობს დასავლეთის ყველა ქვეყანა; ასევე, განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკის მქონე მრავალი ქვეყანა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისი. ეს პირდაპირ ვნებს კულტურის განვითარებას, აბრუნებს მას საბჭოთა კონტექსტში.
როგორ უნდა ხდებოდეს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება და ხელშეწყობა სახელმწიფოს დონეზე?
ჩემს ერთ-ერთ საყვარელ სერიალში “House of Cards” (“ბანქოს სახლი”), მთავარი პერსონაჟი – ფრენკ ანდერვუდი მასტერნარატივში მოაქცევს ტერმინს “Disorganised Labour” და, შემდეგ, ყველა, მედიის ჩათვლით, ამ ტერმინს იმეორებს, ისე, რომ მის რეალურ მნიშვნელობას და კონტექსტთან შესაბამისობას თავადაც ვერ ხვდებიან. ვფიქრობ, იგივე ხდება “შემოქმედებით ინდუსტრიებზე”. ჩემთვის ის კულტურის სინონიმია და, უბრალოდ, კონტექსტ-სპეციფიკურად უნდა იქნას გამოყენებული: შემოქმედებითი ინდუსტრიის კონტრიბუტორია კაფე-ბარებში ხელოვნებაზე მსჯელობაც, საავტორო უფლებების დაცვაც და ა.შ., რაც საბოლოო ჯამში კულტურის/ხელოვნების მნიშვნელობას წარმოაჩენს ციფრობრივად GDP-ში. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს და დაინერგოს შემოქმედებითი ინდუსტრიების ინდიკაციის ეფექტური სისტემა, საერთაშორისო მიდგომების გათვალისიწინებით, რომლებიც დამაბნევლად მრავალფეროვანი და რთულად მოსახელთებელია. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში ინტენსიურად ჩაერთოს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუცია, როგორიც არის, მაგ. სტატისტიკის სამასხური, ეკონომიკის სამინისტრო და ა.შ.
კულტურის პოლიტიკის რომელ ფორმას თვლით ყველაზე ოპტიმალურს საქართელოსთვის?
მე მსურს ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც კულტურის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუციები გამუდმებით ცდილობენ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში წამყვანი ძალა არასამთავრობო სექტორი და კულტურის/ხელოვნების სექტორის დამოუკიდებელი წარმომადგენლები იყვნენ. ამის პარალელურად, პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები მუდმივად უნდა ლობირებდნენ სექტორს მთავრობის წინაშე, ბიუჯეტის გაზრდის თუ სხვადასხვა საკანონმდებლო რეფორმის გატარების მოთხოვნით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საელჩოებს და საერთაშორისო მისიებს ჰქონდეთ განსაზღვრული გაიდლაინი, რომლის საშუალებითაც დიდი ეფექტურობით მოხდება საქართველოს, როგორც ბრენდის ექსპორტი საერთაშორისო დონეზე. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საელჩოები ამ მხრივ ძალიან ინერტულები არიან; არადა, სწორედ კულტურის საერთაშორისო პროცესებზე წყდება მნიშვნელოვანი საკითხები, და არა მხოლოდ კულტურის თაობაზე.
კულტურის სექტორის პროფესიონალებს შორის შიდა კომუნიკაციის დონეს როგორ შეაფასებდით?
ვფიქრობ, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, განურჩევლად იმისა, წარმოვადგენთ სამთავრობო სტრუქტურებს, სსიპ-ებს, კომერციული თუ არაკომერციულ ორგანიზაციებს, ხშირად, მოკერებული იარლიყით ვმოქმედებთ და შედეგად იქმნება განცდა, რომ ვართ ერთგვარ ომში. ომის პირობებში კი, თვითკრიტიკის დრო არ რჩება და ისღა დაგვრჩენია ყველა მხარეს, რომ კონფრონტაცია გავზარდოთ. ამას, საერთო ჯამში, უშედეგობამდე მივყავართ. ერთი მხრივ, ჩემს კოლეგებს, არასამთავრობო და კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვურჩევდი, რომ გავერთიანდეთ ფუნდამენტური რეფორმებისთვის, როგორიცაა ე.წ. კულტურის ეროვნული ფონდის ფორმირება, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო საბჭოს პრინციპით და ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს დანერგვის ინიცირება ფილანთროპიული საქმიანობისთვის. ამასთან, მე ვისურვებდი, რომ მუდმივად განვასხვავოთ მთავარი და მეორეხარისხოვანი საკითხები. მეორე მხრივ, პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს შევახსენებდი, რომ მათ უფლებამოსილება მხოლოდ-და-მხოლოდ იმიტომ აქვთ მინიჭებული, რომ იყვნენ კულტურის სექტორის ყველა წარმომადგენლის დაცვის სადარაჯოზე. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ საჯარო პოლიტიკაში შერჩევითი დამოკიდებულება არალეგიტიმურია, მორალური ტერმინებით თუ შევაფასებთ – ამგვარი მიდგომა უკულტურობაა.