Scroll to top
აჩიკო გულედანი

მუსიკოსი და Tbilisi Open Air / Altervision დამფუძნებელი

აჩიკო გულედანი

როდესაც ხედავ, რომ სექტორს არ ჰყავს პატრონი, რომელსაც ხელფასს უხდი, მაშინ იწყება თვითგადარჩენისთვის ორგანიზება.

შემოქმედებითი ინდუსტრიბისთვის პანდემიის შედეგები გამანადგურებელია. სექტორში დაკავებულ არაერთ ადამიანს უბრალოდ სააერსებო წყარო არ გააჩნია. ინდუსტრიის გამოწვევების საპასუხოდ მუსიკოსი და Tbilisi Open Air / Altervision დამფუძნებელი აჩიკო გულედანი ახალ ინიციატივაზე საუბრობს ჩვენთან.

როგორ იზარალა მუსიკალურმა ინდუსტრიამ პანდემიის შემდეგ?

ზარალი ძალიან დიდია. საუბარი არ არის მხოლოდ ფესტივალებზე და ბენდებზე, არამედ დამოუკიდებელ მუსიკოსებზეც. ორივე ლოქდაუნის პერიოდში ყველას წაერთვა მუშაობის საშუალება, და შესაბამისად, შემოსავლის წყარო. ათასობით ადამიანი დარჩა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე.

რა მიზანს ისახავს გაერთიანება “Geoartists”?

ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩამოვჯდეთ სამზარეულოში და ვიწუწუნოთ, როდის ამოვწყდებით. ახლა არის ერთიანობის და სოლიდარობის დრო. რადგან, როდესაც გამოვალთ ამ სიტუაციიდან, არ უნდა მოგვიწიოს მრავალწლიანი შრომის ნულიდან დაწყება. ჩვენ უნდა გვქოდნეს გეგმა A, გეგმა B, გეგმა C და გეგმა D. ყველა მიმართულებით უნდა ვიაქტიუროთ, რათა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ ჩვენ ვცვლით რაღაცეებს და არა ვიღაც კეთილი ბიძია მოვა, ყველაფერს გაგვიკეთებს და ჩვენ წამოვალთ კმაყოფილები.

რა არის თქვენი სტრატეგიული გეგმა?

პირველი კონკრეტული მიზანია არტისტების ბაზის შექმნა, რომელიც მომავალში სხვა და სხვა დანიშნულებით შეიძლება გამოვიყენოთ. როგორც მინიმუმ, უნდა ვიცოდეთ, საერთოდ რამდენნი ვართ. ამისთვის შეიქმნა საიტი და ყველა მსურველს შეუძლია დარეგისტრიტება. მაგალითათ, დღეს სახელმწოფოსთვის არ არსებობენ მუსიკოსები, რომლებიც დასაქმებულები არიან ამ ინდუსტრიაში დამოუკიდებლად. ეს ეხება ყვალა ჟანრის მუსიკას.  მეორე ნაბიჯი იქნება ყურადების მიპყრობა სექტორის პრობლემებისადმი. ეს იქნება საქველმოქმედო პროექტი ან რამე სხვა აქტივობა თემაზე  „საზოგადოება არტისტებისთვის“.

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც “Geoartists“ შეეჭიდება?

მთავარი საკითხია, თუ მოვახერხებთ თანხების აკუმულირებას, როგორ მოხდება ამ თანხების განსაზღვრა და განაწილება. პირველ რიგში ეს ეხება დახმარებას მათთვის, ვინც ყოველდღიური შემოსავალი დაკარგა. შუალედური ვერსიაა, არსებობდეს საზოგადოების ნდობის მქონე ადამიანების  ჯგუფი, ვინც ამ თანხებს გაანაწილებს. განაწილების პრინციპი უნდა იყოს პირველ რიგში მიმართული ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე. მე ვიცნობ არტისტებს, რომლებმაც ყველანაირი შემოსავალი დაკარგეს ამ პერიოდში, და ვინაიდან ბინის ქირას ვერ იხდიან, შეიძლება საერთოდ ქუჩაში დარჩნენ. ამის შემდეგი ნაბიჯები გამოიკვეთება. აქ დაგვეხმარება საერთაშორისო გამოცდილებაც.

სახელმწიფოს როლს რაში ხედავთ კრიზისულ სიტუაციასთან ბრძოლაში?

არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ამ საქმეში ჩაერთონ ის ადამიანები, რომლებსაც ხელფასს ვუხდით. ამიტომ ჩვენ შევეცდებით ერთმანეთი გადავარჩინოთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ევროპულ ფესტივალებთან, პრომოუტერებთან, საპროდიუსერო ჯგუფებთან, თუ როგორ უნდა გადალაგდნენ მალევე და მოერგონ ახალ რეალობას. ყველა ქვეყანამ მოახერხა გარკვეული თანხები მიემართა კულტურაზე. მე მესმის, რომ ჩვენ არ ვართ ამერიკა და ევროპა, და არ გვაქვს ასეთი რესურსები. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ სექტორს არ ყავს პატრონი, რომელსაც იდეაში ხელფასს უხდი, მაშინ იწყება თვითგადარჩენისთვის ორგანიზება. საქმე იმაში კი არ არის, რომ სამინისტროს რაღაც დეტალები არ ესმის, არამედ არანაირი გაცნობიერება და ხედვა არ არსებობს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით. არავინ არ ფიქრობს ამ ადამიანების საჭიროებებზე, არანაირი დაზღვევა, არანაირი გათვლა და გააზრება!

რა ეტაპზეა მუშაობა ფესტივალების ასოციაციასთან დაკავშირებით?

საფესტივალო ასოციაცია ჩამოყალებების პროცესშია. რეგიონში ლიდერის პოზიცია გვეჭირა ყოველთვის და ასე უნდა გაგრძელდეს. ეს არ ეხება მხოლოდ მუსიკალურ ფესტივალებს. ასოციაციაში შევა ყველა დიდი და მცირე პროდაქშენი ქვეყანაში. მთავარი ისაა, რომ ნებისმიერი ფესტივალი აგენერირებს ფინანსებს და სხვა რესურსებს სხვადასხვა დარგში. დღეს ყველა ინსტიტუცია მიმართულია იმისკენ, რომ იყოს პარტიული ან სხვა დანამატი, და ასეთ ქვეყანას საერთოდ არ აქვს მომავალი. დღეს სისტემას სჭირდება ძირეული რეფორმა. სახლს რომ ვაშენებთ და მეორე სართულის შეღებვით ვიწყებთ, როდესაც საძირკველია გასამაგრებელი, დაახლოებით ამ დღეში ვართ. და ასე ძალიან ძირეულ საკითხებს ვადგებით. უნდა გავაგებინოთ მათ, ვისაც ეს ეხება, რომ კულტურა არ არის გართობა, არამედ ეს არის ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი ინდუსტრია ჩვენი ქვეყნისთვის.

ჯგუფი “Geoartists” ბმული: https://www.facebook.com/groups/836863640380883

ვებ-გვერდი: https://geoartists.ge/

Author avatar
Creatives Georgia
http://creatives.ge
შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმა