ფოტოგრაფი
დინა ოგანოვა
მე ვარ ფრილანსერი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და მეღიმება, როდესაც სახელმწიფო მეუბნება, რომ ერთჯერადად შეუძლია „დამეხმაროს“ 300 ლარით, ოღონდ ისიც იმ შემთხვევაში, თუ რაიმე საბუთს მივუტან.
დინა ოგანოვა ფრილანსერი ფოტოგრაფია. ერთერთი მცირერიცხოვანი მაგალითი, ვისი შემოქმედებაც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საერთაშორისო სარბიელზე წარმატება მოიპოვა, რაზეც არაერთი ჯილდო თუ კონკურსში გამარჯვება მეტყველებს. დინას ფოტოპროექტები “I Am Georgia “, “My Place “, “Frozen Waves “ და “Me Too” მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიფინა. როგორ შეცვალა ფოტოგრაფის საქმიანობა 2020 წელმა და რა გავლენა იქონია გლობალურმა პანდემიამ, დინა თავად მოგვიყვება.
შენი დაკვირვებით, რა ჭირდება საქართველოს კულტურის სექტორს ყველაზე მეტად?
რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი გერმანიის 2021 წლის ბიუჯეტის გადანაწილებას. კულტურის სექტორის დაფინანსება გაზარდეს თითქმის ორმაგად, რადგან სწორედ ამ სექტორმა ყველაზე რთულად გადაიტანა პანდემია და ახლაც გადარჩენისთვის იბრძვის, რადგან ძირითადად, ყველა თვითდასაქმებულია და რა ხდება ამ დროს საქართველოში? მაგალითად, მე ვარ ფრილანსერი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და მეღიმება, როდესაც სახელმწიფო მეუბნება, რომ ერთჯერადად შეუძლია „დამეხმაროს“ 300 ლარით, ოღონდ ისიც იმ შემთხვევაში, თუ რაიმე საბუთს მივუტან. ვის უნდა ვთხოვო, მომცეს საბუთი, რომ დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი ვარ? მაქსიმუმ, პორტფოლიო შემიძლია გავუგზავნო, და ამასაც თავი რომ დავანებოთ, სიამოვნებით მოვუსმენდი კულტურის მინისტრს, რომელიც ამიხსნის, როგორ უნდა დავხარჯო 6 თვის განმავლობაში ამხელა თანხა.
საქართველოში ფოტოგრაფიის სექტორში რას თვლი ყველაზე დიდ გამოწვევად?
საქართველოში ფოტოგრაფიას ჯერ კიდევ არ აღიარებენ, როგორც ხელოვნების დარგს. „ცდებით მეგობრებო!“ – მხოლოდ ეს შემიძლია ვუთხრა ასეთ ადამიანებს. დიდი ხნის უნახავი ნაცნობები რომ მხვდებიან და მეკითხებიან, რას აკეთებ და მე ვიწყებ მოყოლას პროექტებზე, რომელზეც ვმუშაობ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უცნაურად მიყურებენ და მეკითხებიან: „ააა, კიდევ აჩხაკუნებ?“ ასეთ დროს ვხვდები, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს, უბრალოდ, ვიღიმი და გულში ვფიქრობ, ნუთუ ამ მზერას მართლა ვიმსახურებ იმის გამო, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ? და იმის გამო, რომ „სტანდარტული“ სამუშაო ადგილი არ მაქვს? ვამაყობ, რომ ფრილანსერი ვარ, ჩემზე არის დამოკიდებული თავიდან ბოლომდე ყველაფერი და ის მაინც დანამდვილებით ვიცი, რომ არასდროს არავინ დამავალებს, გადავიღო რაღაც ისეთი, რაც ჩემს პრინციპებთან ახლოს არ არის და უფრო მეტიც – ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მაგალითად, საქართველოში, ძალიან იშვიათად მხვდება ინტერიერში, სახლების კედლებზე ფოტოები, რაც ევროპაში ძალიან პრესტიჟულია და დიდი იმედი მაქვს, რომ ნელი ტემპებით, მაგრამ აქაც დაიწყებენ ფოტოების ყიდვას, თუნდაც ლოკალური ფოტოგრაფების მხარდაჭერას ამ ფორმით და არა თხოვნას „დამიბეჭდე, რა“.
როგორ უნდა ხდებოდეს სექტორის კომერციალიზაცია საქართველოში? და რა გამოცდილება მიიღე უცხოეთში?
პირველ რიგში დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. მეტად უნდა დაფასდეს ფოტოგრაფების შრომა და როლი ისტორიაში, ადამიანების, რომლებიც მუდამ ძიების პროცესში ვართ, რათა მეხსიერებას შევუნარჩუნოთ ადგილები, რომელიც ქრება, ადამიანები, რომლებიც მიდიან, ისტორიები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და სინტერესოა და ეს ყველაფერი არასოდეს გაქრეს ჩვენი ვიზუალური მეხსიერებიდან. ასევე უნდა მოხდეს იმის პოპულარიზაცია, რომ ფოტოების ყიდვა და კედლებზე ჩამოკიდება არის “ქულ”.
შენი აზრით, როგორი უნდა იყოს კულტურის პოლიტიკა სახვით ხელოვნებასთან და ფოტოგრაფიასთან მიმართებაში?
ვისურვებდი, რომ სამომავლოდ ხელოვნების სექტორის მიმართ ადეკვატური დამოკიდებულება არსებობდეს, და არა მხოლოდ მაშინ გახსენება, როდესაც ის სახელმწიფოს სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც გვერდში დაგვიდგება ნებისმიერ დროს და მით უმეტეს, ასეთ რთულ პერიოდში. ქართული ფოტოგრაფია ნელ-ნელა გადის საზღვრებს გარეთ, და მიმაჩნია, რომ ფოტოგრაფიის პოპულარიზაციაზე სახელმწიფო თუნდაც იმიტომ უნდა ზრუნავდეს, რომ კულტურული ტურიზმის განვითარებისთვის მიზიდულობის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი უნდა გახდეს სწორედ ქართული ფოტოგრაფია, თავისი უნიკალური სულით, რომელსაც ყოველთვის გამოარჩევ სხვა ქვეყნების ფოტოგრაფიისაგან. ნამდვილად გვაქვს ამის რესურსი. ავიღოთ თუნდაც ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმი, რომელიც შარშან გაიხსნა თბილისში და რომელიც რეგიონში ერთადერთია, აუცილებლად სწორად გამოსაყენებელი ყოველდღიური სივრცე უნდა გახდეს.
რას ურჩევდი ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა აკეთებენ პირველ ნაბიჯებს ფოტოგრაფიაში?
პირველ რიგში ვურჩევდი, რომ საკუთარ თავს ჰკითხონ, რისთვის უნდათ, ფოტოგრაფიით რომ დაკავდნენ ან რა ფორმით? სულ ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, იფიქრეთ გადაღების დროს თუ რისი ჩვენება, მოყოლა გსურთ. რა თქმა უნდა, ვურჩევ ბევრი ფილმის ნახვას, აუცილებლად ფოტოგრაფიის მუზეუმის უნიკალური წიგნების დათვალიერება-წაკითხვას ბიბლიოთეკაში. და როგორც ჩემი ერთერთი საყვარელი ფოტოგრაფი ურჩევს ახალგაზრდებს, „რომ იყიდონ კომფორტული ფეხსაცმელი და ბევრი იარონ ფეხით“, დავამატებდი, რომ გადაიღონ სიყვარულით.
რა შეცვალა გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო კულტურულ პროცესებში?
ცოტა უცნაურად კი შეიძლება ჟღერდეს ახლა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვისაუბრო ამ საკითხზე, რომ მე და ჩემი უცხოელი კოლეგები – ფოტოგრაფები, თითქოს უფრო დავახლოვდით და ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით. პირველი დღიდან ვგრძნობ ჩემი ევროპელი მეგობრების გვერდში დგომას და ისინი რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა. დაცემის უფლება არ მომცეს და ამის გამო ყოველთვის ძალიან მადლიერი ვიქნები. სულ მწერდნენ, მირეკავდნენ, მეკითხებონენ, როგორ ვიყავი, რას ვაკეთებდი, ზოგი ფირებს მიგზავნიდა, რომ მუშაობა არ შემეწყვიტა ამ კრიზისში, ბევრი უცხო ადამიანიც მამხნევებდა, ჩემი წიგნების, ღია ბარათების, ფოტოების ყიდვა დაიწყეს აქტიურად და სულ ვგრძნობდი, რომ ვიღაცისთვის მე, როგორც არტისტი,როგორც ფოტოგრაფი, სულ ერთი არ ვიყავი და ეს დიდი სტიმული იყო, რომ არ ჩამოვშლილიყავი, არ გავჩერებულიყავი.
ახლა რაზე მუშაობ?
პანდემიის გამოცხადებამდე ვმუშაობდი ჩემს გრძელვადიან პროექტზე, რომელიც ქალთა სექსუალურ შევიწროებას და ოჯახში ძალადობას ეხება. მაგრამ პანდემიის შემოსვლამ ჩემი ყოველდღიურობაც ისევე შეცვალა, როგორც პლანეტის ყველა ადამიანის და ძალაუნებურად ახალმა პროექტმა შემოაბიჯა ჩემს ცხოვრებაში. ვირუსი, იზოლაცია, შეზღუდვები, ჩაკეტილი საზღვრები და ურთიერთობა შორ მანძილზე. ფაქტობრივად, კოვიდმა მაიძულა, რომ მასზე დამეწყო საუბარი. მივხვდი, რომ ამ მდგომარეობას რამე ფორმა უნდა მოვუძებნო და ფოტოგრაფია, როგორც ერთგული მეგობარი, ისევ გვერდით მედგა. პროექტს „See You Soon“ ჰქვია, ანუ ქართულად – „შეხვედრამდე“, რომლის საბოლოო ფორმა, ისევე, როგორც ჩემი ყველა პროექტის, ხელნაკეთი, ლიმიტირებული რაოდენობის წიგნი იქნება, რომელზეც, გადაღების პარალელურად, სწორად ახლა ვმუშაობ.
ამბის თხრობა რას ნიშნავს პირადად შენთვის?
ამბის თხრობა ყოველთვის ძალიან პირადული მგონია და ამიტომ როდესაც პროექტზე ვმუშაობ, ყოველთვის ძალიან მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც მიშვებენ საკუთარ ცხოვრებაში და ნებას მრთავენ, მათი გულის პატარა ნაწილები გარეთ გამოვიტანო და სხვებს ვაჩვენო, თუ როგორები არიან სინამდვილეში. ამიტომ როდესაც პროექტზე ვიწყებ მუშაობას, ძალიან სათუთად ვუდგები მის გმირებს, ისინი ჩემთვის რეალური ადამიანები არიან, თუნდაც მნახველი ვერ ხედავდეს მათ სახეს, მაგრამ მე ხომ მახსოვს მათი თვალები, მე ხომ ვცხოვრობ მათთან, მათი ცხოვრებით და პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულის წინაშე. ხანდახან ისეთ ადამიანებს ვხვდები, რომლებიც ვგრძნობ, რომ მსაჭიროებენ და მიხარია, რომ შუამავლად სწორად მე მირჩევენ, სხვებს რომ გავაგონო მათი ხმა ვიზუალურად. ფოტოები ხომ ლაპარაკობენ! და თუ მერე ამ ადამიანების ცხოვრება იცვლება, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი პროექტები ადამიანებზეა და ამბის თხრობა სწორედ თავად ადამიანია ჩემთვის. ღრმად მწამს, რომ თითოეულ ადამიანს თავისი უნიკალური ისტორია აქვს და მე შევეცდები, ცხოვრების განმავლობაში მაქსიმალურად ბევრი ამბის მოყოლა შევძლო ჩემი ფოტოებით. ჩემს ფოტოგრაფიაშიც იშვიათად შეგხვდებათ კადრი, სადაც მხოლოდ ცარიელი სივრცეებია, რადგან მთავარი სიყვარული ჩემთვის სწორად ადამიანია.