Scroll to top
ზვიად მჭედლიშვილი

“Creative Solution”-ის თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და ციფრული საწარმოს “Creative Way”-ის დამფუძნებელი.

ზვიად მჭედლიშვილი

ბოლო დროის არაადეკვატური პოლიტიკური თამაშები, რომელიც უკავშირდება სამინისტროს გაერთიანება - გამოყოფას, წარმოადგენს ნათელ მაგალითს, თუ რა არის სახელმწიფო კორუფცია და როგორ შეიძლება მმართველმა ძალამ, მიიღოს გადაწყვეტილება სექტორის სრული იგნორირებით.

“კულტურის სტრატეგია 2025” შექმნა ფართო დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე მიმდიანრეობდა. პროცესების უშუალო მონაწილე გახლდათ ზვიად მჭედლიშვილი, ექსპერტი, კულტურის სფეროში მუშაობის 25 წლის გამოცდილებით. ზვიადი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ამჟამად არის “Creative Solution”-ის თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და ციფრული საწარმოს “Creative Way”-ის დამფუძნებელი.

თქვენი დაკვირვებით, რა არის საქართველოში კულტურის სექტორის ყველაზე გადაუჭრელი პრობლემა და რატომ?

ძირითადი გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც დამოუკიდებლობიდან დღემდე ვლინდება მთელ ქვეყანაში და შესაბამისად ყველა სექტორში, არის მოქალაქეთა  შეზღუდული  მონაწილეობა  გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თანამედროვე საქართველოს კონსტიტუციური მოწყობა არის აგებული დემოკრატიულ პრინციპებზე. აღნიშნულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელისუფლებლო ინსტიტუტები საჭიროებენ მმართველობის შესაბამის მეთოდიკას. არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია მათი ამომრჩევლების ყველა მოლოდინის დაკმაყოფილება. ყოველთვის არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, საკითხები არასაკმარისი ფინანსური რესურსის პირობებში, რომლებიც მოგვარებას საჭიროებენ. ტოტალიტარული მმართველობის შემთხვევაში, არაერთხელ დადასტურდა, რომ უკმაყოფილო ამომრჩევლებისგან დასაცავად ხელისუფლების მცდელობა განმუხტოს სიტუაცია, აუცილებლად იწვევს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების მიღებას და ეს არის კორუფციის ყველაზე მძიმე ფორმა. საზოგადოების ჩართულობა სამთავრობო გადაწყვეტილების პროცესში წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც არის შესაძლებელი დემოკრატიის პირობებში ბალანსის შენარჩუნება. აღნიშნული პირობა, წარმოადგენს აუცილებლობას ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, რომელიც წარმოადგენს გამტარ რგოლს მთავრობასა და მოსახლეობას შორის და ხშირად მთავრობის  ფარსაც უკმაყოფილო ამომრჩევლისგან დასაცავად. ეს არის პირველი და აუცილებელი პირობა, რომელიც ქმნის დემოკრატიული განვითარებს შესაძლებლობას, როგორც ქვეყანაში, აგრეთვე თითოეულ სექტორში.

კულტურის სექტორი საქართველოში და პანდემია. რა შედეგები მივიღეთ და როგორ უნდა გავუმკლავდეთ?

პანდემიამ კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიები განვითარებულ ქვეყნებშიც დააზარალა, სადაც მინიმუმ პანდემიამდე, არსებული რეალობისთვის სრულფასოვანი ცენტრალური თუ ადგილობრივი პოლიტიკა მოქმედებდა. მაგრამ რეალობა კარდინალურად შეიცვალა და ამისთვის არავინ არ იყო მზად. სამწუხაროდ საქართველოში არც პანდემიამდე და არც მის პირობებში, პოლიტიკა არ იყო ადეკვატური, განსაკუთრებით იმ გამოწვევების რეგულირებისთვის, რომელშიც სექტორი აღმოჩნდა. რაც შეეხება განმკლავებას – პანდემიამ საერთო უარყოფითი ფონის მიუხედავად, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოავლინა. პანდემიამ დაგვანახა მსოფლიოს აბსოლუტური ინტეგრალურობა და გლობალურობა. ყოველი კრიზისი განვითარების საფუძველია, რადგან გამოწვევის გარეშე ადამიანი არ ვითარდება და მხოლოდ სირთულეები აიძულებს მას ახალი ნაბიჯის გადასადგმელად. აგრეთვე, კრიზისულ პირობებში ადამიანებს ახასიათებთ გაერთიანება, გამოვლენილ სირთულეებთან გასამკლავებლად და ზუსტად ეს ერთობა არის მთავარი ინსტრუმენტი, გამოწვევასთან გასამკლავებლად.

რაში ხედავთ კულტურის სამინისტროს მთავარ როლს საზოგადოებისთვის და სექტორისთვის?

სამინისტრო პირველ რიგში კარგად უნდა აცნობიერებდეს რა როლი აქვს სექტორს საზოგადოების განვითარებაში და უნდა ეწეოდეს ამ საკითხის არგუმენტირებულ პროპაგანდას, დანარჩენ მთავრობაში და მთელს საზოგადოებაში. ასეთ პირობებში, სექტორი ხდება ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს საზოგადოება ვითარდება და სამინისტროს ფუნქციაა, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული ინსტრუმენტის გაძლიერება.

დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდით კულტურის სტრატეგია 2025-ზე მუშაობის პროცესს? რა იყო პრიორიტეტული და რამდენად გამართლდა ეს გათვლა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ამუშავების შემდეგ?

მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ დოკუმენტი მიიღო და დაამტკიცა, სამინისტრომ სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გააგრძელა დამოუკიდებლად, მიუხედავად წინასწარ დაგეგმილი მეთოდიკისა, რომელიც ითვალისწინებდა სტრატეგიის შემუშავების შესაბამისად მთელი სექტორის ჩართულობას. აღნიშნული ცვლილების არგუმენტად მოყვანილი იყო ფინანსების და დროის ნაკლებობა. მაგრამ აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია მთელი პროცესის შეჩერება.

სტრატეგია არის ხალხის და ინსტიტუციების ერთობლივი თანხმობა, გარკვეულ მომავალზე, რომელიც ყველასთვის სასურველია. ეს არის სურათი, რომელშიც ყველას სურვილი და მისწრაფება არის გაერთიანებული და შესაბამისად ყველა მზად არის მის გაცოცხლებაში აუცილებელი ძალისხმევის ჩასადებად. რეალურად სტრატეგიის განხორციელება დამოკიდებულია პროცესში მონაწილე ინდივიდების თუ ორგანიზაციების მისწრაფებებზე და მათ მიღწევის ჟინზე, რომლის გარეშეც, დოკუმენტის ღირებულება ფაქტიურად ნულოვანია. რაც შეეხება ბრალეულობას, სხვებთან ერთად ალბათ მეც დამნაშავე ვარ, რომ შესაბამისი არგუმენტები ვერ მოვნახე სამინისტროს დასარწმუნებლად.

სტრატეგიის შემუშავების პროცესზე და მისი მეთოდიკის მართებულობაზე ბევრი რამ მაქვს ნასაუბრები, თუ ვინმე დაინტერესდება შეუძლია ამ მასალას გაეცნოს: https://www.culturepartnership.eu/ge/article/7-important-details-culture

შედეგად კი მივიღეთ ბოლო დროის არაადეკვატური პოლიტიკური თამაშები, რომელიც უკავშირდება სამინისტროს გაერთიანება – გამოყოფას, და წარმოადგენს ნათელ მაგალითს, თუ რა არის სახელმწიფო კორუფცია და როგორ შეიძლება მმართველმა ძალამ, მიიღოს გადაწყვეტილება სექტორის სრული იგნორირებით.

რამდენად ეთანხმებით, რომ კულტურა პრიორიტეტულ მიმართულებას არ წარმოადგენს რიტორიკის დონეზეც კი?

ეს არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, მთელ მსოფლიოში იგივე მოვლენები ვითარდება. ქვეყნებში სადაც ეს მეტნაკლებად მოგვარებულია თავად სექტორის დამსახურებაა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფაქტებზე და ციფრებზე დაყრდნობით არგუმენტირებული საუბარი. ჩვენ ენას არავინ არ ისწავლის, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფინანსისტების და ეკონომისტების ენა, რომ შევძლოთ მათთან საუბარი.

როგორ უნდა ხდებოდეს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება და ხელშეწყობა სახელმწიფოს დონეზე?

ყოველი ახალი ინიციატივის განხორციელებას, პირველ რიგში სჭირდება რესურსები – ფინანსური, ადამიანური თუ ინფრასტრუქტურული. დიდ ბრიტანეთში შემოქმედებითი ინდუსტრიების ფინანსური მხარდაჭერისთვის დღემდე გამოიყენება „ეროვნული ლატარიის“ შემოსავლები, კერძოდ საერთო ბრუნვის 28%, რამაც 1994 წლიდან დღემდე შეადგინა £40 მილიარდი ფუნტი. რასაკვირველია ე.წ. „კეთილი მიზნების“ ფონდი, სრულად არ ხმარდება შემოქმედებით ინდუსტრიებს და ლატარიიდან მიღებული შემოსავლები არ არის ერთადერთი წყარო სექტორის განვითარებისთვის, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ მართებულად რეფორმის გატარება შესაბამის მომზადება საჭიროებს. ანალოგიურად, ბრიტანეთის მაგალითზე 2005 წელს საქართველოში ევროპის საბჭოს „STAGE”-ის პროექტში მონაწილე ექსპერტების მხარდაჭერით, დაიწყო მუშაობა საქართველოში ეროვნული ლატარიის ამოქმედებაზე. შედეგად 2006 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება  „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რითაც მოხდა ლატარიის სფეროს სრული მონოპოლიზაცია და ლატარიის ორგანიზების ლიცენზიის შესაძლო მფლობელს დაეკისრა საერთო ბრუნვის 20%-ის ჩარიცხვა „ეროვნული ლატარიის ფონდში“, სპორტისა და კულტურის განვითარებისათვის განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შემსრულებლად. 2007 წლის 6 ივნისს დაფუძნდა „საქართველოს ეროვნული ლატარიის ფონდი“. იმავე წლის „ნოემბრის მოვლენებმა“ გამოიწვია მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების შეჩერება. 2009 წელს საკანონმდებლო ცვლილებით საზოგადოებრივი ინტერესები ამოღებულ იქნა „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან. ამ ცვლილებების შედეგად ლატარიის ბიზნესში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიქმნა ერთპიროვნული მონოპოლია, რაც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ საზოგადოების მაღალი ინტერესებით არის დასაშვები და თითქმის ყველა ევროპის ქვეყანაში, ანალოგიური რეფორმის არსი მდგომარეობს მხოლოდ საზოგადოების განვითარებისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს შექმნაში. ჩვენ დღეს გვაქვს მონოპოლიზირებული ბიზნესი, რომელსაც არანაირი გამართლება არ გააჩნია და წარმოადგენს სახელმწიფო კორუფციის მძიმე ფორმას.

რა არის “Creative Solution”-ის მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებები?

წელს ორგანიზაციის ფუნქციონირების მეშვიდე წელი დაიწყო, ამ წლების მანძილზე ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება. მიუხედავად მრავალი პროექტისა და გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯებისა, აღნიშნული ამოცანა არ არის გადაჭრილი და დიდად წარმატებულ ორგანიზაციად ჯერჯერობით ვერ ჩავითვლებით. იმედი გვაქვს, რომ სექტორის საერთო ძალისხმევით, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ უახლოეს მომავალში.

რაში ხედავთ შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის და მისი მსგავსი ორგანიზაციების  როლს?

ჩვენი საერთო ამოცანა არის სექტორში ერთობის მიღწევა და მგონია, რომ თქვენ პლატფორმას შეუძლია ამ ერთობის, როგორც ჯანმრთელი პროპაგანდა, აგრეთვე საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა. ერთობა არ ნიშნავს იმას, რომ პროცესები ყოველთვის სასიამოვნო იქნება ჩვენთვის. ერთობა ნიშნავს კომპრომისს და ინდივიდუალური ინტერესების დათმობას, ერთობის გარეშე იმ შედეგების მიღწევა, რომლისთვისაც ყოველი ჩვენგანი იღწვის შეუძლებელია.

Author avatar
Creatives Georgia
http://creatives.ge
შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმა