Scroll to top
ელენე მარგველაშვილი

კინოპროდიუსერი, ``Parachute Films``.

ელენე მარგველაშვილი

კრიზისის წარმატებით მართვა შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ შემოქმედებითი სექტორის შესახებ არსებულ ცოდნას და მონაცემებს, დაგროვილ გამოცდილებას, გაანალიზებულ რისკებს, კონკრეტულ ხედვასა და სტრატეგიას, რომელიც კულტურას, როგორც ქვეყნის იდენტობის და ეკონომიკის არსებით ნაწილს მოიაზრებს.

რა მიგაჩნია საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების ყველაზე გადაუჭრელ პრობლემად?

ავტორიტეტები და კონფორმიზმი.

რა ნაბიჯები უნდა გადაედგა კულტურის სამინისტროს პანდემიის დაწყვებისთანავე?

2020 წლის მარტიდან თვალს ვადევნებდი სხვადასხვა ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ჯერ კიდევ ახალი და უცნობი ვირუსით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მაგალითი დიდ ბრიტანეთში Arts Council-ის მიმართვა იყო, როდესაც ეს უწყება შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებულ პროფესიონალებს დაუკავშირდა, მთავრობის პრიორიტეტები გააცნო და კრიზისის მანძილზე მხარდაჭერას დაპირდა. რამდენიმე კვირაში მიმართვას გადაუდებელი დახმარების ფონდიც მოჰყვა, რომელიც შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწეთა მხარდაჭერას დღემდე აგრძელებს. ეს პოზიტიური მაგალითები და დამოკიდებულება, შემოქმედებითი სექტორის განვითარების ბევრად უფრო ღრმა, გააზრებული და სისტემური მიდგომის შედეგია, რომელსაც ამ მხრივ წარმატებული ქვეყნები ათწლეულების მანძილზე ახორციელებენ და ანვითარებენ.

ჩვენ ქვეყანაში როგორ ხდება კრიზისული პროცესის მართვა?

ვფიქრობ, საქართველოს კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აქვს საკმარისი ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროცესების და ქვეყნის განვითარებაში შემოქმედებითი პროფესიონალების უდიდესი წვლილის შესახებ, რომ დაშორებულია სექტორს, მის რეალურ საჭიროებებს, გულგრილია და არ მიიჩნევს თავს შემოქმედებით სექტორთან ანგარიშვალდებულად.

კინო ინდუსტრიაში როგორი ვითარებაა ამ კუთხით?

რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენ დარგს – კინოს და კინოში მოღვაწე ადამიანებს, სამინისტროს მხრიდან პირველ რიგში სასურველი იყო სექტორთან კომუნიკაციის დაწყება, მისი საჭიროებების გამოკვეთა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და სექტორის გაერთიანებისკენ და გადარჩენისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორებიცაა: ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, გადაუდებელი დახმარების ფონდის შექმნა (მათ შორის დამოუკიდებელი პროფესიონალების მხარდასაჭერად), დაფინანსებული პროექტებისთვის პანდემიით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია, დასრულებული პროექტების დისტრიბუციის პროაქტიული ხელშეწყობა, შეღავათების შემუშავება სახელმწიფო გადასახადებზე, cash rebate პროგრამის განახლება, ახალი შეზღუდვების პირობებში კინოგადაღების რეგულაციების და წარმოების ახალი მექანიზმების დანერგვა, შუამდგომლობა კერძო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან (სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, მაუწყებლები და სსიპ-ები) კინოწარმოების პროცესის დამხმარე მექანიზმების და ფონდების შესაქმნელად, სწავლის და განვითარების ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობა, საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავების და გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების შემუშავება.

როგორ ხდება კინოს დაფინანსება საქართველოში? კომერციალიზაციის რა მექანიზმები არსებობს და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი სექტორის განვითარებას?

საქართველოში კინოს დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო სუბსიდია “Top-down” მოდელით, ხოლო კინოს კომერციალიზაციის საერთაშორისო შესაძლებლობები მეტად ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც ფილმის საზღვრებს გარეთ გატანას დამოუკიდებლად ახერხებს, მაგალითად, საერთაშორიო კო-პროდუქციის წარმოების გზით, თუ ფილმის წარმატებით საერთაშორისო კინოფესტივალებზე. რადგან საქართველოში საავტორო კინოს კომერციალიზაციის შესაძლებლობები ღიმილისმომგვრელია, ახალბედა რეჟისორები და საპროდიუსერო კოპმანიები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, კავშირები და სამეწარმეო უნარები, ხშირად საერთოდ ვერ ახერხებენ ფილმების აუდიტორიამდე მიტანას, არათუ მათ კომერციალიზაციას. თუ კინობიზნესად მოვიაზრებთ დამოუკიდებელ საპროდიუსერო კომპანიებს, რომელთა ძირითადი საქმიანობა საავტორო ფილმების წარმოებაა, მაშინ სექტორის განვითარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს შორის სწორედ ამ კომპანიების მდგრადობა უნდა მოიაზრებოდეს. საერთაშორისო კვლევების მიხედვით კი მდგრადი კინობიზნესის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მხარდაჭერაზე ორიენტირებული, საიმედო, პროგნოზირებადი და თანმიმდევრული გარემო და მყარი სისტემები.

თუმცა, კინოს კომერციალიზაციის სხვა საშუალებებიც არსებობს?

დიახ. კინოს კომერციალიზაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს შორის ასევე შესაძლოა იყოს კინოს მრავალმხრივი დაფინანსების ხელშეწყობა მაგ. კერძო დაფინანსების წახალისება, სალარო შემოსავალი (box-office, კინოს ადგილობრივი დისტრიბუციის მექანიზმების განვითარება), კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. ამისთვის აუცილებელია შესაბამისი კინოპოლიტიკის წარმოება, აუდიტორიის განვითარება, საავტორო უფლებების მართვა, სექტორში სამეწარმეო უნარების განვითარებაზე ზრუვნა და შესაბამისი ეკოსისტემის შექმნა.

თუ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ფილმი იქნა გადაღებული საქართველოში ბოლო 5 წელიწადში? და რა დინამიკაა დაფინანსების თვალსაზრისით?

სამწუხაროდ არ მაქვს წვდომა შესაბამის მონაცემებთან, თუმცა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ქართული საავტორო კინოს საერთაშორისო აღიარება და ბოლო წლების მიღწევები, როგორც საფესტივალო, ასევე გაყიდვების თვალსაზრისით, რამდენიმე დამოუკიდებელი კინოპროფესიონალის და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლის უზარმაზარი ძალისხმევის შედეგი უფროა, ვიდრე რაიმე თანმიმდევრული კულტურის პოლიტიკის.

რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ კინოს ინდუსტრია სწრაფად ამუშდავდეს კოვიდ რეგულიაციების მოხსნის შემდეგ?

როგორც ავღნიშნე, მხარდაჭერაზე ორიენტირებული, საიმედო, პროგნოზირებადი და თანმიმდევრული გარემოს შექმნა სახელმწიფოს მხრიდან, შემოქმედებითი თავისუფლება და მზაობა საერთაშორისო პარტნიორობებისთვის. კვლევის შედეგად მტკიცებულებათა ბაზის შექმნა, რომელიც დაადასტურებს რომ კინო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც კულტურული, არამედ ეკონომიკური პროდუქტი და დაეხმარება სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზრვრელ ორგანიზაციებს მის შესაბამის პოზიცირებაში. კინოპროფესიონალების მოქნილი ასოციაციების/ორგანიზაციების შექმნა, რომელბიც მოახდენენ ამ სექტორის ინტერესების ლობირებას და სხვა მიმართულებებთან ერთად, ითანამშრომლებენ სახელმწიფოსთან შესაბამისი სტრატეგიების და მექანიზმების დანერგვის და განხორციელების პროცესში.

Author avatar
Creatives Georgia
http://creatives.ge
შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმა