Scroll to top
ნანა ბაგალიშვილი

“ცოდნის კაფე”- ს თანადამფუძნებელი

ნანა ბაგალიშვილი

მნიშვნელოვანია რეგიონში შემოსავლის მომტანი საქმიანობის ხელშეწყობა, სხვაგვარად თბილისი და დიდი ქალაქები განაგრძობენ გამსხვილებას.

2021 წლის სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს წნორის „ცოდნის კაფეს“ და „სამოქალაქო ინიციატივის“ დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი.

ნანა, თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია გამოწვევებზე ბიუჯეტთან დაკავშირებით, ამ ბიუჯეტის პროექტის მაგალითზე, როგორ შეაფასებდით სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებულ სიტუაციას?

სასიხარულოა, რომ ეს არის ბიუჯეტის სამუშაო ვერსია, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა თუ მოქალაქეებს და დარგობრივ უწყებებს არ ექნებათ შენიშვნა ან კომენტარი, თვითმმართველობა ასეთი ფორმით დაამტკიცებს. წელს ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების ფონდი ბიუჯეტის სამუშაო ვერსიაში განისაზღვრა 6 ათასი ლარით. ეს იმას ნიშნავს, რომ 12 სოფლის და 2 ქალაქის ახლგაზრდების ინიციატივებისთვის თითო დასახლებაზე საშუალოდ 428 ლარია გამოყოფილი მთელი წლის მანძილზე. სამწუხაროდ, 2020 წლის ბიუჯეტი იდენტურია ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსების კუთხით. აუცილებლად უნდა მოხდეს საჭიროებების და ინტერესების კვლევა, და ამის შესაბამისად პროგრამების / სერვისების / ბიუჯეტში მუხლების დაგეგმვა.

რა ნაბიჯებს დგამს “ცოდნის კაფე”?

ახლა ცოდნის კაფეს გუნდი ვმუშაობთ წნორის, ვაქირის, ქვემო მაჩხაანისა და ბოდბის ახალგაზრდულ გუნდებთან ერთად, რომ ოთხ სოფელში მაინც შეიქმნას პრაქტიკა როგორ ავრცელებენ თვითონ ახალგაზრდები თანატოლებში საჭიროების, ინტერესბის, იდეების შესახებ ინფორმაციას, როგორ გეგმავენ მთელი წლის ბიუჯეტს მათი სოფლისთვის და როგორ წარუდგენენ მას ადგილობრივ თვითმმართვლობას დაფინანსების მოპოვებისთვის.

რა არის საჭირო რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების და შემოქმედებითი მეწარმეობის ხელშეწყობისთვის? 

უპირველსად, უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტის მესვეურებმა დაგუგლონ მაინც ამ უზარმაზარი ინდუსტრიის მნიშვნელობა, სიკეთეები და შესაძლებლობები და ინტერესის შემთხვევაში თანამშრომლობითი წინადადებები აუცილებლად გაჩნდება. გულსაკლავია, რომ სოციალური მეწარმეობა, რომესაც ხელისუფლება მხარს უჭერს სხვადასხვა პროგრამებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის უცნობი ხილია.

თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ამ ვითარებიდან?

გამოსავალია რეგიონებში, ადგილზე, მცირე სათემო, ახალგაზრდული, ტრადიციულთან ერთად ალტერნატიული კულტურული სივრცეების ხელშეწყობა, რომ გაჩნდეს სინერგია და ადამიანებს ადგილზე ერთად საქმის კეთებისკენ ვუბიძგოთ.

მაგალითად, მთელი შემოდგომა მეგობრები ვეძებეთ მიმდებარე მუნიციპალიტეტებში დახურული სპორტდარბზი სათანადო აღჭურვილობით, რა თქმა უნდა ფასიანი და არსად არ არის. ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ბევრი საჯარო/მუნიციპალური სივრცეები ცარიელი, მიუხედავი, უფუნქციო, რომელის გადაცემაც შეუძლია შემოქმედებით ინდუსტიებში ჩართულ პირებსა თუ ორგანიზაციებს გადასცენ.

თქვენი აზრით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მთავარ პრობლემას რა წარმოადგენს? 

ყველაზე რთული რაც რეგიონში ცხოვრებას აქვს სრული ინერტულობაა ადგილობრივი ხელისუფლებების მხრიდან, პრაქტიკულად, ადგილობრივი ხელისუფლება ზემოდან მართულია და ვერ იღებს მნიშვნელოვან/რეფორმულ გადაწყვეტილებებს. ამიტომ ყველა ინიციატივა ჩანასახშივე გაჭიანურებისთვის განწირულია და ყველა გვერდს უვლის ინიციატივის ხელში აღებს. ამიტომაც, უკვე ათწელულებია ვუყურებთ მდარე გარემოს რეგიონებში, საიდანაც აქტიური ახალგაზრდები გარბიან და ვერც ვამტყუნებთ. აქ დარჩენა და ცვლილება ძალიან ძნელია სინამდვილეში.

Author avatar
Creatives Georgia
http://creatives.ge
შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმა